ქალთა ეროვნული ლიგა | „ლანჩხუთი“ სკანდალით დასრულებული მატჩის შედეგის გაუქმებას ითხოვს – „ნიკე-ლუსო“ ძალადობას, პროვოკაციასა და აგრესიას ემიჯნება #1TVSPORT
ქალთა ეროვნული ლიგა | „ლანჩხუთი“ სკანდალით დასრულებული მატჩის შედეგის გაუქმებას ითხოვს – „ნიკე-ლუსო“ ძალადობას, პროვოკაციასა და აგრესიას ემიჯნება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „ნიკე-ლუსოსა“ და „ლანჩხუთის“ (2:1) მატჩის შემდეგ მომხდარ კონფლიქტზე ორივე კლუბმა განცხადება გაავრცელა.

ქალთა ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა, ანანო წიქარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარმა დაარტყა. „ნიკე-ლუსო“ ამაში მონაწილეობას უარყოფს.

„ლანჩხუთის“ განცხადება:

„მატჩში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი – მოედანზე შემოჭრილმა „ნიკე-ლუსოს“, ჩვენი შეცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს. დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა მოედანზე შემოსვლა დაიწყეს საფინალო სასტვენამდე. გვინდა, ჩვენს მეტოქეებს შევახსენოთ, რომ ფეხბურთში კრივისგან განსხვავებული წესები მოქმედებს – ქალების და ბავშვების ცემით ჩემპიონობა არ მიიღწევა.

გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ფეხბურთელთა უსაფრთხოება, მათ შორის არასრულწლოვნების ფიზიკური უსაფრთხოება, კლუბი მიმართავს რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა ზომას, მათ შორის მატჩის შედეგის გაუქმების მოთხოვნას და შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრებას“.

„ნიკე-ლუსოს“ განცხადება:

„„ლანჩხუთთან“ გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი. მატჩის დასრულებისთანავე, მსაჯის საბოლოო სასტვენის შემდეგ „ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მოთამაშეს, რამაც გამოიწვია დაძაბულობა მოედანზე.

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით ჩვენმა კლუბმა ქალთა ლიგისთვის უპრეცედენტო ზომები მიიღო, ორივე გუნდის გულშემატკივარმა მატჩის დასრულების შემდეგ მაინც შეძლო მოედანზე შესვლა, რაც დროში თანმიმდევრული იყო ინციდენტთან.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, პროვოკაციასა და აგრესიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც უნდა აერთიანებდეს და დადებით ემოციებს უღვივებდეს როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება და საფეხბურთო გარემო დარჩება სამართლიანობის, სპორტულობისა და ურთიერთპატივისცემის სივრცედ.

ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელზე განხორციელდა მიზანმიმართული ძალადობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ვიდეო და ფოტომასალაში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. ყველა მასალა გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის უწყებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას“.