ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე „სამეგრელომ“ სლოვენიის ჩემპიონი დაამარცხა და ოთხთა ტურნირის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

გია კვარაცხელიას გაწვრთნილმა ქალთა საფეხბურთო კლუბმა „სამეგრელომ“ სლოვენიაში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპაზე, ოთხთა ტურნირში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – საქართველოს ჩემპიონმა მასპინძელ გუნდს, „მურას“ პენალტების სერიაში აჯობა და მინიტურნირის ფინალში გავიდა.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „სამეგრელომ“ უკეთ შეასრულა და 5:4 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ „სამეგრელომ“ შეხვედრა ცხრა მოთამაშით დაასრულა – 85-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო ანა პავლიაშვილი გააძევეს, ხოლო 96-ე წუთზე – მაიკო ბებია. ამის მიუხედავად, კვარაცხელიას გუნდმა გოლი არ გაუშვა და საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

„სამეგრელოდან“ პენალტები გაიტანეს ჯესიკა და სილვამ, რუბი ვილეგა აგილარმა, ნინო ბუხრიკიძემ, ანა მილჩევსკამ და ლიზი მწყერაშვილმა, ხოლო „სამეგრელოს“ პორტუგალიელმა მეკარემ, ანდრეა ფერნანდეშ ნევეშმა ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია და გუნდი ფინალში გაიყვანა.

ჯგუფის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კვიპროსულმა „აპოლონმა“ ჩრდილოეთ მაკედონიის „ლიუბოტენი“ 9:0 დაამარცხა და 9 სექტემბერს, მინიტურნირის ფინალში საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდება.

გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გადის და ქალთა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, რომელიც ორმატჩიანია (შინ და სტუმრად). პლეი ოფის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდებიან.