ქალების სწრაფდაშვება იტალიელმა სოფია გოჯამ მოიგო (ვიდეო)

პიონჩანგის ოლიმპიადის მე-12 დღე სამთო თხილამურებში მედლების გათამაშებით დაიწყო. ქალებმა სწრაფდაშვებაში საუკეთესო გამოავლინეს.

ოქროს მედლის ბედი ცხრა მეასედმა წამმა გადაწყვიტა. სწორედ ამდენი მოუგო იტალიელმა სოფია გოჯამ ნორვეგიელ რაგნჰილდ მოვინკელს.

გოჯამ კარიერაში პირველად მოიპოვა ოლიმპიური ოქრო. იტალიელი 25 წლისაა, წელს ის ლიდერობს მსოფლიოს თასზე სწრაფდაშვების ჩათვლას, ასე რომ ეს მოგება კანონზომიერი იყო.

რაც შეეხება მოვინკელს, მან პიონჩანგში მეორე ვერცხლი მოიპოვა – მანამდე გიგანტურ სლალომში მეორე ადგილზე გავიდა.

სწრაფდაშვებაში ბრინჯაო მოიპოვა ლეგენდარულმა ამერიკელმა ლინდსი ვონმა – მან გამარჯვებულთან 0.47 წამი წააგო. ვონისთვის კარიერაში ეს მესამე ოლიმპიური მედალია.