ქალაქ ლილში კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა #1TVSPORT
ქალაქ ლილში კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ ლილში კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირზე ევროპის რვა ქვეყნის წარმომადგენლები სამ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა ჩვენმა სპორტსმენებმა ფრანგულ ტატამზე წარმატებით იასპარეზეს. ლევან ცინცაძის გაწვრთნილმა სპორტსმენებმა ვაჟებში გუნდური პირველი ადგილი და ჩემპიონის სტატუსი მოიპოვეს.

-70 კგ. კატეგორიაში მინდია მგელაძემ პირველობა არავის დაუთმო და ოთხივე ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო.

-80 კგ. წონაში დათა ფუტკარაძე ასპარეზობდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ეს მედალი საკუთარ წონით კატეგორიაზე მაღალ წონაში მოიპოვა.

+80 კგ. ზევით, ანუ აბსოლუტურ, ე.წ. პრესტიჟულ წონით კატეგორიაში კვლავ შეუდარებელი იყო ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენი დავით მსხალაძე, რომელმაც ფინალამდე ყველა ბრძოლა ეფექტური გამარჯვებით დაასრულა.

ფინალში დრამატული და დაძაბული სამრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დამატებით, ბოლო რაუნდში, მსაჯების გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი დავით მსხალაძეს გადაეცა. ის ამავდროულად საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირის, OPEN FRANCE 2024-ის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა.