ქალ ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა
ქალ ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს ქალთა ნაკრები ძიუდოში 24 დეკემბერს საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა. ჩვენი გუნდი სხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთად მოემზადება თურქეთის ქალაქ ედირნეში. იქ ქართველების სპარინგ-მეტოქეები იქნებიან უნგრელები, თურქები, ბულგარელები…

ჩვენს ნაკრებს ედირნეში მთავარ მწვრთნელად კახა მოცრაძე მიჰყვება, რადგან გია თენაძე იანვარში მსოფლიოს მასტერსზეა წასასვლელი, სადაც ამ ნაკრების ორი წევრი უნდა გამოვიდეს. ედირნეში კი მოცრაძეს ეროვნული გუნდის ის ხუთი წევრი მიჰყავს, რომლებიც ლიცენზიებისთვის იბრძვიან: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე 52), ეთერ ლიპარტელიანი (57), მარიამ ჭანტურია (70) და სოფიო სომხიშვილი (+78), თუმცა მათ ამჯერად ახალგაზრდა ნინო გულბანიც (70) დაუმატეს.

ერთობლივი საწვრთნელი შეკრება ედირნეში 4 იანვარს დასრულდება, მერე კი ჩვენებისთვის უმთავრესი მსოფლიოს მასტერსი იქნება, სადაც ლევიცკა-შუკვანი და ლიპარტელიანი გამოვლენ.