ქაბულის აეროპორტში შეზღუდვების გამო, ავღანეთში 500 ტონა სამედიცინო ტვირთის ჩატანა შეფერხდა
ქაბულის აეროპორტში შეზღუდვების გამო, ავღანეთში 500 ტონა სამედიცინო ტვირთის ჩატანა შეფერხდა

ქაბულის აეროპორტში არსებული შეზღუდვების გამო, ავღანეთში 500 ტონა სამედიცინო ტვირთის, მათ შორის, ქირურგიული აღჭურვილობის ჩატანა შეფერხდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა რიჩარდ ბრენანმა განუცხადა, ავღანეთში დაახლოებით 18,5 მილიონი ადამიანი დამოკიდებულია დახმარებაზე და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება, როგორც მოსალოდნელია, კიდევ გაიზრდება გვალვის გამო. თუმცა, ქაბულის აეროპორტის დახურვამ კომერციული რეისებისთვის ტვირთების ჩატანა შეაფერხა.

„ახლა, როდესაც მსოფლიო უყურებს ადამიანებს, რომელთა ევაკუაცია ხორციელდება, ჩვენ უნდა მივაწოდოთ მარაგი, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც დარჩა“, – განაცხადა ბრენანმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ავღანეთისკენ ევაკუაციისთვის მიმავალი ცარიელი თვითმფრინავები გზად გაჩერდნენ დუბაიში არსებულ საწყობში, რათა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანონ.

იუნისეფ-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორის განცხადებით, ავღანეთში 10 მილიონამდე ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ.