პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში - „ლანსთან“ მატჩის გადადება ფრანგული ფეხბურთის ინტერესებშია #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა ფრანგულ მედიასთან „ლანსთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის დაგეგმილი შეხვედრის შესაძლო გადადებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ პარიზული კლუბის ინტერესები არ უდევს საფუძვლად და ეს მთლიანად ფრანგულ ფეხბურთსაც შეეხება.
„„ლანსთან“ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენი მეგობარი კლუბია. მეტოქე ვინც არ უნდა ყოფილიყო, იმავე ნაბიჯს გადავდგამდით. ჩვენი მიზანია, საფრანგეთი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ვფიქრობთ, მატჩის გადადება საერთო ინტერესში შედის.
გვწამს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპულ ასპარეზზე უკეთესი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება, რაც მნიშვნელოვანია უეფა-ს რეიტინგისთვის. წარმატება საშუალებას მოგვცემს, მეხუთე პოზიცია შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ლუიშ კამპუშმა.
„პარი სენ-ჟერმენს“ „ლანსთან“ შეხვედრა 11 აპრილს აქვს ჩანიშნული, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებს შორის. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ინგლისელებს 8 და 14 აპრილს დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის ცხრილს 60 ქულით ლიდერობს, „ლანსი“ კი 59 ქულით მეორე ადგილზეა. პარიზულ გუნდს მეტოქეზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.