პსჟ ნეიმარისა და მბაპეს გარეშე დარჩა
პსჟ ნეიმარისა და მბაპეს გარეშე დარჩა

საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ორი მთავარი ფეხბურთელი დაკარგა. ნეიმარი ბრაზილია – კამერუნის ამხანაგურ მატჩში მერვე წუთზე შეცვალეს, ხოლო კილიან მბაპემ მხარი საფრანგეთისა და ურუგვაის სპარინგისას იტკინა და ისიც გაიყვანეს მოედნიდან 36-ე წუთზე.

თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ნეიმარი მძიმედ დაშავდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა არ დაადასტურა. ასევე ჯერჯერობით უცნობია – რა დრო დასჭირდება მბაპეს გამოჯანმრთელებას. ორივე ფეხბურთელს მალე სამედიცინო შემოწმება ელოდება.

პსჟ-ს გადამწყვეტი მატჩები ელის ჩემპიონთა ლიგაზე. მომავალ კვირას თომას ტუხელის გუნდი „ლივერპულს“ მასპინძლობს და აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. პარიზელები ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან „ლივერპულსა“ და „ნაპოლის“.