პსჟ-მ ლიგის თასი მოიგო, დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია
პსჟ-მ ლიგის თასი მოიგო, დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია

საფრანგეთში 2017-2018 წლების სეზონის პირველი ტიტული გათამაშდა – გაირკვა ქვეყნის ლიგის თასის გამარჯვებული.

ფინალში “პარი სენ-ჟერმენი” “მონაკოს” ხვდებოდა და 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა: ედინსონ კავანიმ გახსნა ანგარიში, ანხელ დი მარიამ მეორე გოლი გაიტანა. პენალტი გამოიმუშავა და შედეგიანი პასი შეასრულა მონაკოელთა ყოფილმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

“მონაკოს” შეეძლო თამაშში დაბრუნება, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ, რადამელ ფალკაოს 37-ე წუთზე გატანილი გოლი გაუუქმეს. მატჩის მიწურულს კი კავანიმ დუბლი შეასრულა და პსჟ-მ სეზონში პირველი ტიტული მოიგო.

პარიზელებმა ზედიზედ მეხუთედ მოიგეს ქვეყნის ლიგის თასი, ლიდერობენ საფრანგეთის ჩემპიონატში და გასულები არიან საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, სადაც “კანს” შეხვდებიან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პსჟ-ის მცველი დანი ალვეში. 34 წლის ბრაზილიელმა კარიერაში 37-ე ტიტული მოიგო და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა.