პსჟ-მა დემბელე და დუე დიდი ხნით დაკარგა #1TVSPORT

11:12, 07.09.2025

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე ერთ თვეზე მეტს გამოტოვებს ტრავმის გამო. მან ბარძაყის დაზიანება მიიღო უკრაინასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

გამოცემა RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს.

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო გუნდის მოქმედებით. როგორც გაზეთი L’Equipe-ი წერს, პარიზულმა კლუბმა გააფრთხილა ეროვნული გუნდის ექიმები ტრავმის რისკის შესახებ და ითხოვა, რომ დემბელე მინდორზე არ შეეშვათ, რადგან ფეხბურთელი დაღლილობას გრძნობდა. მაგრამ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა არ გაითვალისწინა პსჟ-ის რჩევა და ახლა საფრანგეთის ჩემპიონმა დემბელე დაახლოებით ექვსი კვირით დაკარგა.

უკრაინასთან მატჩში ასევე ტრავმა მიიღო „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთმა შემტევმა, დეზირე დუემ. მან კუნთი დაიზიანა და 3-4 კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

მსგავსი