პსჟ-მ 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო (ვიდეო)
პსჟ-მ 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი ტურიდან გადატანილი შეხვედრა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით მოუგო „მეცს“ – 1:0. გადამწყვეტი გოლი 93-ე წუთზე იულიან დრაქსლერმა გაიტანა.

პარიზელები 65-ე წუთიდან უმცირესობაში იყვნენ – მსაჯმა მოედნიდან აბდუ დიალო გააძევა.

ეს იყო პსჟ-ის პირველი მოგება და პირველი გოლი ახალ სეზონში. მანამდე თომას ტუხელის გუნდმა „ლანსთან“ და „მარსელთან“ წააგო ერთნაირი ანგარიშით – 0:1. ამ მოგებით გუნდი მე-18 ადგილიდან მე-15-ზე გადავიდა.

პარიზულ კლუბს სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. „მეცთან“ მატჩს ტოვებდნენ: მბაპე, ნეიმარი, ვერატი, პარედესი, ფლორესი, კერერი და კურზავა.

შემდეგ შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ 20 სექტემბერს, სტუმრად „ნიცას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.