პსჟ-მ 21 წლის გერმანელი 40 მილიონად იყიდა - 16 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე
პსჟ-მ 21 წლის გერმანელი 40 მილიონად იყიდა - 16 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე

დღის მთავარი ტრანსფერები

– „შალკეს“ აღზრდილი, ცენტრალური მცველი ტილო კერერი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა 37 მილიონ ევროდ. ფეხბურთელი 21 წლისაა და მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

– შვედი ნახევარმცველი ალბინ ეკდალი მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილი „ჰამბურგიდან“ „სამპდორიაში“ გადავიდა. სკანდინავიელისთვის სერია A კარგად არის ნაცნობი – „ჰამბურგამდე“ „იუვენტუსში“, „სიენაში“, „ბოლონიასა“ და „კალიარიში“ თამაშობდა.

დღის სხვა ამბები

– ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. შესაბამისად, „ბარსელონაში“ გადასვლა სულ უფრო რეალურად მოჩანს. CalcioMercato-მ დაწერა, რომ პოგბა კატალონიურ კლუბს პირადი კონტრაქტის პირობებზე მოელაპარაკა.

– ტობი ალდერვეირელდის კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ ერთი წლის შემდეგ იწურება და ბელგიელი არ აპირებს მის გახანგრძლივებას. მით უმეტეს, რომ ფეხბურთელით დაინტერესებულია „ბაიერნი“. მიუნხენელები მასში 28 მილიონ ევროს იხდიან.

– სუპერთასზე წაგების შემდეგ, „რეალი“ „ჩელსიდან“ მარკოს ალონსოს ტრანსფერს ამზადებს.

– „შტუტგარტის“ მწვრთნელმა, თაიფუნ ქორქუთმა განაცხადა, რომ ბენჟამენ პავარი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა გუნდებთან. თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე, რადგან ფრანგით დაინტერესებულნი არიან „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“.

დღის სხვა ტრანსფერები

– „არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ალექს სონგი შვეიცარიის ჩემპიონატში გადავიდა, სადაც „სიონის“ რიგებში ითამაშებს.

– ბრაზილიელი მცველი დანილო შეუერთდა „ბოლონიას“. ადრე ეს ფეხბურთელი „უდინეზეში“ თამაშობდა. „ბოლონიამ“ ის იჯარით აიყვანა.

– რემი კაბელია „მარსელიდან“ „სენტ ეტიენში“ გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა ამ კლუბში ბოლო სეზონი იჯარით გაატარა.

– გაეტან ლაბორდე „ბორდოდან“ „მონპელიეში“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ ხუთი მილიონი ევრო შეადგინა. 24 წლის ფორვარდს ნათამაშები აქვს საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში.