პროკურორი - მოწმემ დეტალურად გაიხსენა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი „იმედში“ კოდუას ბრძანებით შეიჭრა და ტექნიკა გაანადგურა
პროკურორი - მოწმემ დეტალურად გაიხსენა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი „იმედში“ კოდუას ბრძანებით შეიჭრა და ტექნიკა გაანადგურა

მოწმემ დეტალურად გაიხსენა, რომ კოდუას ბრძანების საფუძველზე, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შეიჭრნენ „იმედში“, გამოიყვანეს ჟურნალისტები და დაიწყეს ტექნიკის განადგურება,- ამის შესახებ ერეკლე კოდუას საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, დავით დათაშვილმა პირდაპირ ამხილა ერეკლე კოდუა.

„დავით დათაშვილი 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო.ჩვენ კოდუას ვედავებით ტელევიზიაში რაზმის არასამართლებრივად შეყვანას და იმედის დარბევას. მოწმემ დეტალურად გაიხსენა, რომ კოდუას ბრძანების საფუძველზე რაზმის წევრები შეიჭრნენ იმედში, მოახდინეს ჟურნალისტების გამოყვანა და ტექნიკის განადგურება. მან დაადასტურა, რომ ბრძანება ერეკლე კოდუამ მისცა. მას შემდეგ, რაც მოხდა აპარატურის განადგურება, კოდუამ დათაშვილს მისცა მითითება, დაეტოვებინა ტერიტორია. ეს მოწმე უშუალოდ და პირდაპირ ამხელს კოდუას“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე დღეს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი დავით დათაშვილი დაიკითხა.