პროკურორი მარადონას სიკვდილზე - ტყუილია, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა #1TVSPORT
პროკურორი მარადონას სიკვდილზე - ტყუილია, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა #1TVSPORT

პროკურორი პატრისიო ფერარი ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა. სხდომა ბუენოს აირესის გარეუბან სან-ისიდროში გაიმართა.

„ყველა, ვინც ამბობს, რომ ვერ ამჩნევდა იმას, რაც დიეგოს თავს ხდებოდა, ურცხვად იტყუება. შეუძლებელი იყო, მისი მდგომარეობა არ შეგემჩნია. მას ასეთ მდგომარეობაში ხედავდნენ საწოლში რამდენიმე დღის განმავლობაში. ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა.

სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, ექიმების ბანდა დაკავებული იყო მხოლოდ ანგარიშების შევსებით. ისინი ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ აკეთებდნენ იმას, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებიათ. მთელმა სამედიცინო ჯგუფმა, ყველამ, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ უაზრო მკურნალობაზე, პასუხი უნდა აგონ დიეგო მარადონას სიკვდილზე.

ყველა, ვინც მარადონასთან სახლში მიდიოდა და ხედავდა მას, კრიტიკულს უწოდებდა მის მდგომარეობას და ამაზე ექიმებს მიუთითებდა“, – მოჰყავს გაზეთ Clarin-ს ფერარის სიტყვები.

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე, ორი გადავადების შემდეგ, სასამართლო პროცესი 11 მარტს დაიწყო. სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელს ბრალად ედება დაუდევრობა, რამაც, შესაძლოა, ლეგენდარული ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. ორი კვირით ადრე მას კანქვეშა ჰემატომის გამო ოპერაცია ჩაუტარდა.

ბრალდებულებს შორის არიან მისი პირადი ექიმი, ნეიროქირურგი ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი, ფსიქოანალიტიკოსი, კლინიკური ექიმი და რამდენიმე მედდა.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ მათმა არასწორმა და უპასუხისმგებლო მოვლამ შეიძლება გამოიწვია მარადონას გარდაცვალება. თუ ისინი დამნაშავედ სცნეს, მათ 25-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ივლისამდე გაგრძელდება, რაც მოიცავს მრავალი მოწმის დაკითხვას და მტკიცებულებების განხილვას.