პროკურორი აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება
პროკურორი აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ჰოლანდიის მხარეს დამატებითი მასალები გაეგზავნება და „მასტერა“ პასუხისგებაში მიეცემა, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ დღეს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

რაც შეეხება დღეს დაკითხული გიორგი დგებუაძის, „მასტერას“ ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ გაიხსენა პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის თაობაზე კუდ-ში ჩატარებული თათბირი, რომელიც ბრალდების მხარის მიერ საქმეზე დართულ ფარულ აუდიოჩანაწერშია ასახული, პროკურორი ამბობს, რომ დგებუაძე პოტენციური დამნაშავის პოზიციიდან აძლევს ჩვენებას.

დავით გუმბერიძის თქმით, დგებუაძისთვის ბრალის წარდგენის უფლებას ქართულ გამოძიებას ჰოლანდიური მხარე არ აძლევს, საიდანაც სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისი ექსტრადირება მოხდა.

„თუმცა, მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულების მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ჩვენ ამ განაჩენს გავუგზავნით ჰოლანდიურ მხარეს და ეს იქნება დამატებითი დოკუმენტაცია, რომ გიორგი დგებუაძის მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამის შემდეგ, წარედგინება ბრალი გიორგი დგებუაძეს“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, განაჩენი მიმდინარე თვეში გამოცხადდება, ამ საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების – ლევან ქარდავას, გიორგი მერებაშვილისა და რევაზ შიუკაშვილის მიმართ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც საქმის გამომძიებლის დაკითხვა და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

დატოვე კომენტარი