პროკურორებმა და ადვოკატებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურისა და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებმა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს. მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გადასცეს.
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული პრაქტიკის განვითარებას და პროკურორთა პროფესიული სტანდარტის მუდმივ ამაღლებას.
ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დისტანციური სწავლება მოიცავდა როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს, რაც მიზნად ისახავს იურიდიული სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდას, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა, ასევე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში.
თეორიულ მასალასთან ერთად, პროგრამა ითვალისწინებდა პრაქტიკული მაგალითებისა და კაზუსების განხილვას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ თემატურ დისკუსიებში.
3-თვიანი კურსის ფარგლებში ერთობლივი სწავლება 20-მა პროკურორმა და 17-მა ადვოკატმა გაიარა. აღნიშნული მიმართულებით, იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.