პროკურატურის მოწმემ სასამართლოში ხარძიანის წამების რამდენიმე ეპიზოდის შესახებ ისაუბრა
პროკურატურის მოწმემ სასამართლოში ხარძიანის წამების რამდენიმე ეპიზოდის შესახებ ისაუბრა

კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით ბიზნესმენ ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმე დაიკითხა.

ბრალდების მოწმემ, გლდანის მე-8 დაწესებულების თანამშრომელმა მამუკა რაზმაძემ ხარძიანის წამების რამდენიმე ეპიზოდის შესახებ ისაუბრა.

„ხარძიანი სადაც შეიყვანეს, იმ საკანში იმყოფებოდნენ რამიშვილი და არჩვაძე. ისინი უსაფრთხოების აგენტები იყვნენ, რომლებიც ​უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა მოიყვანა. თითქმის ყოველთვის, საკნიდან ხმაური გამოდიოდა. იყო ჩხუბიც. იქიდან გამომდინარე ვხვდებოდი, რომ ხან კარს ეჯახებოდნენ. მე საკანთან მისვლის უფლება არ მქონდა და ვაყენებდი ვიქტორს საქმის კურსში, რომელიც მეუბნებოდა, ეგრეა საჭიროო. ერთხელ კიდევ იყო ხმაური. ცვლა უნდა ჩამებარებინა და ვნახე, საკნის კარი იყო გაღებული, რაღაცამ ჩამიქროლა. რომ მივხვდი, პატიმარი გარბოდა, გამოვეკიდე და დავეწიე. დაკავების დროს ხარძიანი ყვიროდა, მკლავენ, მიშველეთ, საკანში არ დავბრუნდებიო“, – განაცხადა მოწმემ.

საქმეზე გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2016 წელს დაიწყო. წარდგენილი ბრალი  ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.