პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულებების თანამედროვე ტიპის საცავი გაიხსნა
პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულებების თანამედროვე ტიპის საცავი გაიხსნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, აშშ-ს იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს საელჩოს, პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. როგორც იურისტს მესმის მტკიცებულების მნიშვნელობა საგამოძიებო ეტაპზე და ასევე, სასამართლო პროცესისთვის მომზადების დროს. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებას და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს. ჩემთვის ცნობილია, რომ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, თქვენ რესურსები გამოყავით აღნიშნული საცავის ასაშენებლად, რაც თქვენს პროფესიონალიზმზე და გამოძიების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის მეტად ამაღლებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების საცავი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა აშშ-ში ვიზიტის, საუკეთესო პრაქტიკის და მიღებული გამოცდილების გაზიარების შედეგია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი ამ ახალი საცავის დათვალიერების და გახსნის დროს, რომელიც უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე ველოდი“, – აღნიშნა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ამერიკული მხარის გამოცდილებას.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი სპეციალური ინვენტარით არის აღჭურვილი, სადაც სხვადასხვა სახის, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის მქონე მტკიცებულებები განთავსდა.

საცავი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით; მტკიცებულებების საცავს გააჩნია მისაღები ოთახი, პერსონალის ოთახი, ბიოლოგიური ნივთების საცავი, ცეცხლსასროლი იარაღის საცავი და მთავარი საცავი. მისაღებ ოთახში პროკურატურის თანამშრომლებს მტკიცებულებათა მასალების უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ, სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება შეუძლიათ. ბიოლოგიური ნივთების საცავი განკუთვნილია ისეთი ბიოლოგიური მასალისთვის, როგორიცაა სისხლი, თითის ანაბეჭდები და ა.შ., რომლებიც სპეციალურ ტემპერატურულ დამუშავებას საჭიროებენ. ცეცხლსასროლი იარაღის საცავი განკუთვნილია ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებებისთვის, რომლებიც სპეციალურ უსაფრთხოების ყუთებში ინახება. მთავარი საცავი განკუთვნილია ყველა სახის მტკიცებულების მასალისთვის და ასევე, აღჭურვილია სამუშაო მაგიდებით, სადაც საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულებათა ნივთები გაიხსნება, შეიფუთება, შემოწმდება და ა.შ. ასევე, ნივთიერი მტკიცებულებების საცავს გააჩნია სპეციალური მომსახურების ლიფტები და ცალკე შესასვლელი კარი დიდი ზომის და წონის ნივთების გადასატანად.

პროკურატურის ცნობით, ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში მოეწყო. ასევე პროექტის თანახმად, მტკიცებულებათა საცავები საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში მდებარე პროკურატურის შენობებშიც გაიხსნება.