პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა
პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს „სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის შემსყიდველი კონტრაქტორი კომპანიებიდან – შპს „პროესკოდან“, შპს „პრო მედიადან“, შპს „მედია პორტიდან“; შპს „პროესკო მედიადან“ და შპს „ნიუ მედიადან“ სრული საბუღალტრო, სააღრიცხვო და ფინანსური დოკუმენტების ამოღების თაობაზე. ასევე, დასახელებული კომპანიებიდან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით აღრიცხული სრული ბუღალტრული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში.

დატოვე კომენტარი