პროკურატურა - მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით
პროკურატურა - მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით

გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით დღესაც უარყოფითად მოქმედებს.

უწყება პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებდა და ახორციელებს პირთა რეკრუტირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ეს პროცესები უარყოფითად აისახა კავკასიის რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით. საქართველოში სამართალდამცავი სისტემების ეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო მათი გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც აისახა საქართველოზეც. ცხადია, ამას ხელი შეუწყო საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების კომპლექსურმა და კოორდინირებულმა მიდგომამ, რაც აისახა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელში“, – აღნიშნავს უწყება.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ, რომლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ამჟამად განიხილება სასამართლოში.

„გლობალური უსაფრთხოების კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმატებული საქმიანობა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ. 2019 წელს ამოღებული იქნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნივთიერებები – ბირთვული მასალა: ურანი და თორიუმი. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სამი პირის მიმართ და სამივე მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი“, – ნათქვამია დოკუმენტში.