პროკურატურა - გასულ წელს პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება 18 საქმეზე დაიწყო
პროკურატურა - გასულ წელს პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება 18 საქმეზე დაიწყო

გასულ წელს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება 18 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.

უწყება პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 144-ე მესამე პრიმა მუხლით გამოძიება დაიწყო ორ ფაქტზე, ხოლო 333-ე მუხლით 16 ფაქტზე. უწყების ცნობით, 2019 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომლის მიმართ.

„2019 წელს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 298 სისხლის სამართლის საქმეზე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ. გამოძიება კი, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა სისხლის სამართლის 31 საქმეზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

უწყება აღნიშნავს, რომ 2019 წელს, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორები პენიტენციური დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულებებში სისტემატურად ახორციელებდნენ ვიზიტებს და სულ 160 ვიზიტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებში პროკურორები შეხვდნენ და გაესაუბრნენ როგორც ბრალდებულებს, ასევე მსჯავრდებულებს.

„მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა გასაუბრებისას მიუთითა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, გასაუბრების ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის, ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაიგზავნა პროკურატურის შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი