პრიზები ფეხბურთში განვითარებისთვის - კობიაშვილმა GFF Awards-ის ნომინანტები დააჯილდოვა
პრიზები ფეხბურთში განვითარებისთვის - კობიაშვილმა GFF Awards-ის ნომინანტები დააჯილდოვა

საქართველოს სუპერთასის მე-20 გათამაშების მატჩის („დინამო თბილისი“ – „გაგრა“, 2:2, პენ. 5:4) შესვენებაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ 2020 წლის GFF Awards-ის ნომინანტები, ლევან ხურცილავა და ვლადიმერ ონიანი დააჯილდოვა.

ხურცილავამ GFF Awards 2020-ზე სპეციალური პრიზი 2020 წელს მასობრივ ფეხბურთში გამორჩეული აქტივობისთვის გადაეცა. ხობის „კოლხეთის“ ყოფილი ფეხბურთელი, ლევან ხურცილავა მშობლიურ რეგიონში წლების მანძილზე აქტიური საფეხბურთო ფუნქციონერია. ხურცილავა, ამჟამად ხობის „კოლხეთის“ ბავშვთა გუნდში მუშაობის გარდა, დამწყებ ფეხბურთელებს სოფელ ხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც ავარჯიშებს. ასევე, ვეტერანი მოთამაშე ხეთის სამოყვარულო გუნდის დამფუძნებელი და მენეჯერია. მისი ინიციატივით, ხეთის მოყვარულთა გუნდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სფფ-ის მოყვარულთა გუნდების განვითარების პროექტში „Club Development“-ში ჩაერთო. A ლიცენზიის მქონე მწვრთნელი, პირადად უვლის სოფელ ხეთაში არსებულ მოედანს, რომელსაც 2020 წელს სფფ-ის „ვილიჯ არენას“ პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

ვლადიმერ ონიანი ქართულ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა. სვანეთში დაბადებული ფეხბურთის მოღვაწე შემდგომ წლებში ლაგოდეხში დაფუძნდა, სადაც მისი ცხოვრება ფეხბურთს დაუკავშირდა. სხვადასხვა დროს იცავდა რუსთავის „მეტალურგის“, ლაგოდეხის „ჰერეთის“ და ლვოვის „კარპატის“ ღირსებას. ვლადიმერ ონიანი 1981 წლიდან სამწვრთნელო საქმეშია და ეროვნული ნაკრების არაერთი კანდიდატი ჰყავს აღზრდილი. დღეს ლაგოდეხში ცხოვრობს, სადაც 50 ვაჟ და 20 გოგონა დამწყებ ფეხბურთელს ავარჯიშებს.