პრემიერლიგა - იგუაინმა დებიუტი ჩააგდო, ლივერპულმა შანსი ვერ გამოიყენა
პრემიერლიგა - იგუაინმა დებიუტი ჩააგდო, ლივერპულმა შანსი ვერ გამოიყენა

შუა კვირას, პრემიერლიგაში 24-ე ტური გაიმართა. კოშმარული გამოდგა ჩელსის შემადგენლობაში არგენტინელი გონსალო იგუაინის დებიუტი – სტუმრად ბორნმუთის წინააღმდეგ, მას არც ერთი დარტყმა არ ჰქონია და ერთი პასიც არ შეუსრულებია, რომლის შემდეგაც პარტნიორი მეტოქის კარში დარტყმას შეძლებდა.

ლონდონელებმა მეორე ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს. დუბლი შეასრულა კინგმა, თითო გოლი გაიტანეს ბრუქსმა და დენიელსმა.

ჩელსიმ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ტოპ-ოთხეულიდან გამოვარდა.

* * *

მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ ნიუკასლში წააგო, ლივერპულმა მიიღო შანსი, შვიდი ქულით დაშორებოდა თავის მთავარ კონკურენტს. მაგრამ იურგენ კლოპის გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა – შინ ვერ მოუგო ლესტერს.

ლივერპულმა შეძლო სწრაფი გოლის გატანა – სადიო მანემ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა ლესტერმა მაგუაირის გოლით დააღწია თავი წაგებას.

მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, შესაბამისად, საბოლოო ანგარიში – 1:1 ლოგიკური ჩანდა.

ასე რომ, ლივერპული მეორეადგილოსან სიტის არა შვიდი, არამედ ხუთი ქულით უსწრებს.