პორზინგისმა დონჩიჩის დაცვა სცადა და მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)
პორზინგისმა დონჩიჩის დაცვა სცადა და მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

„დალას მავერიქსის“ ცენტრი კრისტაპს პორზინგისი, პლეი ოფის პირველ მატჩში „კლიპერსის“ წინააღმდეგ, მე-3 მეოთხედში გააძევეს.

ლატვიელმა კალათბურთელმა ორი ტექნიკურის გამო დატოვა დარბაზი. პირველ შემთხვევაში პორზინგისმა  მასზე დაფიქსირებული ჯარიმა მსაჯებთან გააპროტესტა, მეორე შემთხვევაში კი მან ლუკა დონჩიჩის დაცვა სცადა, რომელსაც მარკუს მორისთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პორზინგისმა გაძევების შესახებ ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, მეორე ტექნიკური არ დამიმსახურებია, ჩვენ უბრალოდ მცირე შელაპარაკება მოგვივიდა. მე დავინახე როგორ მივიდა მარკუს მორისი დონჩიჩთან და ზუსტად ამაზე მქონდა რეაქცია.

კლიპერსის მხრიდან ეს საკმაოდ ჭკვიანური სვლა იყო. შემდეგ შეხვედრაში მეტი ყურადღება მმართებს და ვეცდები იგივე შეცდომა არ გავიმეორო“, – ამბობს პორზინგისი.

შეგახსენებთ რომ „დალასმა“ პირველი შეხვედრა „კლიპერსის“ წინააღმდეგ 110:118 დათმო. მიუხედავად  მე-3 მეოთხედში გაძევებისა, პორზინგისმა 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 20 აგვისტოს გაიმართება.