„პორტუში“ აბუაშვილის დებიუტი შედგა - ქართველმა, შესაძლოა, „მილანთან“ ითამაშოს #1TVSPORT
„პორტუში“ აბუაშვილის დებიუტი შედგა - ქართველმა, შესაძლოა, „მილანთან“ ითამაშოს #1TVSPORT

გიგი აბუაშვილმა ტრავმა მოიშუშა და პორტუგალიაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. „დინამო თბილისის“ 18 წლის აღზრდილმა თავდამსხმელმა „პორტუს“ 19-წლამდე გუნდში ითამაშა.

რეზერვისტების გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე ტავარეშმა გიგი აბუაშვილი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 65-ე წუთზე შეცვალა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი „რიუ ავესთან“ 0:1 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა „პორტუს“ სარეზერვო გუნდში, რომელიც რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. მან პორტუგალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმირებული იყო, სეზონის სტარტი გამოტოვა და ჯერ ფორმის აღდგენას 19-წლამდელთა გუნდში ცდილობს.

აბუაშვილმა „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 6 შეხვედრაში 1 გოლი 2018 წელს რუსეთს გაუტანა. ოქტომბერში ვასილ მაისურაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია, რომელმაც ახლახანს ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა. მაგრამ გიგი ფორმაში არ იყო და გუნდს ვერ დაეხმარა, რადგან ახლა ცდილობს სათამაშო კონდიციებში შესვლას.

კარგი ამბავია ისიც, რომ გიგი „პორტუს” 19-წლამდე გუნდმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე განაცხადში დაიმატა და შესაძლოა, 3 ნოემბერს ქართველმა ფეხბურთელმა იტალიაში „მილანის” წინააღმდეგ ითამაშოს. „პორტუს“ 19-წლამდელთა გუნდი B ჯგუფში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ 7 ქულით ლიდერობს და მადრიდის „ატლეტიკოს“ (4), „ლივერპულსა“ (4) და „მილანს“ (1) ასწრებს.

დატოვე კომენტარი