„პორტუს“ ფეხბურთელმა მოედანი რასისტული შეძახილების გამო დატოვა (ვიდეო)

„პორტუს“ ფორვარდმა მუსა მარეგამ „ვიტორია გიმარაეშის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩი თვითნებურად მიატოვა. ამის მიზეზი, მისივე თქმით, მეტოქის გულშემატკივრებისგან რასისტული თავდასხმა გახდა. 28 წლის მალელმა მოედანი 69-ე წუთზე დატოვა, ამ მომენტამდე ცხრა წუთით ადრე კი მეტოქის კარში, როგორც საბოლოოდ გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

გასახდელისკენ მიმავალმა მარეგამ მეტოქის გულშემატკივრებს შუა თითიც აჩვენა.

თანაგუნდელები და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები შეეცადნენ, ფეხბურთელი დაემშვიდებინათ, რათა ის მოედანზე დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, „პორტუს“ მწვრთნელმა მის ნაცვლად მოედანზე სხვა ფეხბურთელი შეიყვანა.

მოგვიანებით, მარეგამ „ინსტაგრამის“ საშუალებით განცხადება გაავრცელა და ყველას, ვინც სტადიონზე რასისტული შეძახილებისთვის მიდის, იდიოტები უწოდა.

მატჩი „პორტუს“ გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.