პორტუგალიური გამოცემა - „ლევანტეს“ ქოჩორაშვილის დამატება სურს, ქართველს ლა ლიგაში თამაში უნდა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, ვისაც შეუძლია, მომავალ სეზონში „სპორტინგი“ დატოვოს, თუმცა ყველაფერი პირობებზეა დამოკიდებული, – ქართველი ფეხბურთელის მომავალზე ინფორმაციას გამოცემა „ლეონინო“ ავრცელებს.
„ლეონინოს“ ექსკლუზიური ცნობით, „სპორტინგის“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ გადასვლას განიხილავს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ლა ლიგაში დარჩენას შეძლებს. ქართველ ნახევარმცველს მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები აქვს.
„ლევანტე“ ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში 33 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა – გუნდის იმედი სეზონის დასრულებამდე დარჩენილი ოთხი ტურია. შესაბამისად, „ლომების“ მე-14 ნომერი მომავალ სეზონში დაბრუნების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ლა ლიგაში ითამაშებს.
„სპორტინგთან“ ადაპტაციის პრობლემის გამო „მწვანე-თეთრები“ მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს ქოჩორაშვილის თაობაზე პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებს მოუსმინონ. თუმცა „სპორტინგის“ მიზანი ტრანსფერში ჩადებული ინვესტიციის (5,5 მილიონი ევრო) სრულად ანაზღაურებაა.
სავარაუდოდ, ესპანური კლუბი „სპორტინგის“ მიერ მოთხოვნილი 5,5 მილიონი ევროს გადახდას ვერ მოახერხხებს“, – ამტკიცებს პორტუგალიური გამოცემა.