პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
პორტუგალიაში მიმდინარე გრან პრიზე, რომელიც ძიუდოში 2022 წლის პირველი ოფიციალური ტურნირია, დღეს საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი იასპარეზებს.
ჩვენი ნაკრებისთვის პირველი საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა. ტატამზე თენგო ზირაქაშვილი (-66 კგ) და საბა კაპანაძე (-66 კგ) გამოვიდნენ. საბა კაპანაძემ პირველივე ბრძოლა ანგოლელ მეტოქესთან დათმო, ხოლო თენგო ფოლადაშვილმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, თუმცა მეორე რაუნდში კორეელ ძიუდოისტთან დამარცხდა.
დღეს პორტუგალიის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეა, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას სამი დებიუტანტი დაიცავს.
73 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე 2021 წლის საქართველოს ჩემპიონი გიორგი ტერაშვილი იჭიდავებს. ქართველი განთესილი არ იქნება და იგი პირველ ეტაპზე ამერიკელ ჯეკ იონეზუკას დაუპირისპირდება.
81 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი ძიუდოისტი – გიორგი შერაზადიშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე დაიცავენ. გიორგი შერაზადიშვილი 2021 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი იაჰელ ლავი იქნება.
ამ წონაში გამომსვლელი მეორე ქართველი, 22 წლის დიმიტრი გოჩილაიძე კი ტურნირზე მეორე რაუნდიდან ერთვება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 15:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე დაიწყება.