პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ რონალდო 30-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 255 ევროს გადახდა დააკისრა #1TVSPORT
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინურმა საბჭომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანო რონალდო 255 ევროთი დააჯარიმა და 30-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ სანაკრებო შეკრების თვითნებურად დატოვება გახდა.
41 წლის თავდამსხმელმა პორტუგალიის ნაკრების შეკრება 30 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიასთან ერთა ლიგის მატჩის წინ დატოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელის, ჟორჟე ჟეზუშის მიმართ უკმაყოფილება უძღოდა წინ.
კონფლიქტი ნორვეგიასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. რონალდოს განცხადებით, მწვრთნელი მას მოედანზე დაახლოებით 30 წუთით შესვლას დაჰპირდა, თუმცა ფეხბურთელმა, გახურების მიუხედავად, არ ითამაშა. მოგვიანებით ჟეზუშმა უარყო, რომ მოთამაშესთან მსგავსი შეთანხმება ჰქონდა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მოგვიანებით გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მან დისციპლინური პასუხისმგებლობაც აღიარა და განაცხადა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებისთვის მზად იქნებოდა.
ფედერაციის დისციპლინურმა საბჭომ რონალდო რეგლამენტის 160-ე მუხლის დარღვევაში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს ფეხბურთელის მიერ დანაშაულის აღიარება, მისი დისციპლინური ისტორია და პორტუგალიური ფეხბურთის წინაშე დამსახურება.
აღსანიშნავია, რომ 30-დღიანი დისკვალიფიკაციიდან რონალდუს 19 დღე უკვე მოხდილი აქვს, რადგან პირველ ოქტომბრიდან დროებით იყო დისკვალიფიცირებული. შესაბამისად, მას სასჯელის მხოლოდ 11 დღე დარჩა და ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრებს 14 და 17 ნოემბერს, შესაბამისად, დანიისა და უელსის წინააღმდეგ გამართავს.