პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი - ევრო 2023-ზე საქართველოსთან მატჩისთვის ისე უნდა მოვამზადოთ, თითქოს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია #1TVSPORT
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი - ევრო 2023-ზე საქართველოსთან მატჩისთვის ისე უნდა მოვამზადოთ, თითქოს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია #1TVSPORT

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2023-ისთვის მზადება დაასრულა და საქართველოში მოემგზავრება, სადაც (ასევე, რუმინეთში) 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოში გამომგზავრებამდე, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სამუელ კოსტა შეხვდა – ესპანური „ალმერიას“ ნახევარმცველმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ფეხბურთელები შვებულებაში ვიყავით, მაგრამ ძალიან კარგად მოვემზადეთ და ფორმა დავიბრუნეთ. მე ვხედავ ძალიან თავდაჯერებულ და, უბრალოდ, კარგი ადამიანების გუნდს. ვცდილობთ, ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო მდგომარეობაში შევხდეთ.

საქართველოს წინააღმდეგ პირველ თამაშს სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ და მზად ვიყოთ იმისთვის, რომ უკეთესი გუნდი დაგვიპირისპირდება, ვიდრე შარშან (პორტუგალიამ 4:1 მოიგო). ეს ისეთივე კარგი გუნდია, როგორც ჯგუფში ჩვენი სხვა მეტოქეები. ამიტომ ამ მატჩზე მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს საქართველო მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ჩვენ არ ვფიქრობთ, ეს თუ ის ნაკრები ძლიერია თუ არა. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ყველას პატივისცემით მოვექცეთ.

ასეთ ხანმოკლე ტურნირზე ძლიერ ნაკრებებთან შეცდომის უფლება არ გვაქვს. ამიტომ ვიცით, რომ გუნდმა ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოს და მაქსიმალურად სრულყოფილად ვითამაშოთ. ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ ნიდერლანდებსა და ბელგიაზე, თავში მხოლოდ საქართველოსთან მატჩი გვიტრიალებს“, – ამბობს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე.

პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფშია და სამივე მატჩს თბილისში ჩაატარებს: 21 ივნისს საქართველოს ნაკრებთან („დინამო არენა“, 20:00 საათი), 24 ივნისს – ნიდერლანდების წინააღმდეგ („მიხეილ მესხი“, 20:00) და 27 ივნისს – ბელგიასთან („მიხეილ მესხი“, 20:00).