პორტუგალიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა
პორტუგალიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა

პორტუგალიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვიდათ გაფრთხილება, რომ ძლიერი გვალვისა და ქარის გამო, ტყეებში ცეცხლის გაჩენის რისკი მატულობს.

ხელისუფლება მოუწოდებს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, არ დაანთონ ცეცხლი არც ერთი ფორმით. ხელისუფლების განკარგულებით, ასევე აიკრძალა ტყეში შესვლა. საგანგებო რეჟიმი კვირას შევიდა ძალაში და სამშაბათამდე შენარჩუნდება.

პორტუგალიაში ხანძრებმა წელს უკვე გაანადგურეს 92 000 ჰექტარის ტერიტორია. ლისაბონთან ახლოს ცეცხლის უკანასკნელი კერების ჩაქრობა მეხანძრეებმა 20 აგვისტოს შეძლეს.

პორტუგალიის მეზობელ ესპანეთში ხანძრებს უკვე მეხუთე დღეა, ვერ აქრობენ. ვალენსიაში ცეცხლს 35 თვითმფრინავი ებრძვის.