პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 23 დეკემბრამდე გაგრძელდება
პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 23 დეკემბრამდე გაგრძელდება

პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 23 დეკემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაგრძელდება. გადაწყვეტილება შეზღუდვების იანვრამდე გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს, რომლის მიზანი დღესასწაულის პერიოდში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირებაა.

პორტუგალიაში ვირუსის მეორე ტალღის პირობებში საგანგებო მდგომარეობა 9 ნოემბრიდან მოქმედებს და სულ მცირე 7 იანვრამდე დარჩება ძალაში. ქვეყნის პარლამენტი უფლებამოსილია, საგანგებო მდგომარეობა ერთჯერადად მხოლოდ 15 დღით გაახანგრძლივოს, თუმცა პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარჩელო რებელო დე სოუზამ აღნიშნა, რომ დადგენილების შესაბამისად, ზომები იანვრამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათსა და არასამუშაო დღეებში ნახევარდღიან ჩაკეტვას ითვალისწინებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, შობა ძველებური ვერ იქნება, თუმცა პორტუგალიის მთავრობა შობის დღეებში შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს.