პორტლენდი დასავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტია

პორტლენდი დასავლეთ კონფერენციის ფინალში ბოლო 19 წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს. „ტრეილ ბლეიზერსმა“ ნახევრაფინალური სერია დენვერ „ნაგეტსს“ ანგარიშით 4:3 მოუგო. გადამწყვეტი, მეშვიდე თამაში, დენვერის „პეპსი ცენტრში“ შედგა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 100:96 დასრულდა. ორეგონელებმა თამაში საკმაოდ მძიმედ დაიწყეს. არაზუსტი გამოდგა დემიენ ლილიარდის ტყორცნები – „ტრეილ ბლეიზერსის“ ლიდერმა საწყისი რვა სროლიდან ვერცერთი გამოიყენა. შედეგად, დენვერმა პერიოდი ანგარიშით 29:17 მოიგო.

ლილიარდის სუსტი სტარტის ფონზე, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა სიჯეი მაკალუმი. უკანახაზელმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და ჯამში შეხვედრა 37 ქულით დაასრულა. ტერი სტოტსის გუნდმა განსაკუთრებით მაღალ დონეზე დასკვნითი რვა წუთი ჩაატარა. მაკკალუმს სერიოზული დახმარება ენეს კანტერმა და ევან თერნერმა გაუწიეს. ბოლოსკენ მოუმატა ლილიარდმაც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა. დემიენმა 13 ქულა, 10 მოხსნა და 8 გადაცემა მოაგროვა. „ნაგეტსს“ კვლავ ნიკოლა იოკიჩმა უწინამძღოლა. სერბმა ცენტრმა, 29 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა მიითვალა.

„ტრეილ ბლეიზერსი“ ფინალურ სერიაში ურთიერთობას მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტ „ვორიორზის“ წინააღმდეგ გაარკვევს.

პირველი ორი მატჩი „ორეკლ არენაზე“ ჩატარდება. ფინალური სერია 15 მაისს დაიწყება

დატოვე კომენტარი