პოლონური გამოცემა – „იბერიასთან“ მატჩის შემდეგ დაშავებული გულშემატკივარი გონზე მოვიდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია #1TVSPORT
„იაგელონიის“ გულშემატკივარი, რომელიც თბილისში „იბერიასთან“ ევროპალიგის მატჩის შემდეგ ტრიბუნიდან გადავარდა, გონზე მოვიდა – ინფორმაციას პოლონური გამოცემა Przeglad sportowy ავრცელებს.
„თბილისში „იბერიისა“ და „იაგელონიის“ საპასუხო მატჩის შემდეგ პოლონური გუნდის გულშემატკივრები ევროპალიგის ჯგუფში გასვლას აღნიშნავდნენ, თუმცა მათი სიხარული გაფერმკრთალდა, როდესაც ერთ-ერთი გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, მან ზურგი და თავი დაიზიანა. საბედნიეროდ, სასწრაფო დახმარების მანქანები ახლოს იყვნენ, დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება სწრაფად გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. ჟურნალისტმა კუბა სევერინმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და მოვლენებს აშუქებდა, კარგი ამბავი გაავრცელა – გულშემატკივარი გონზე მოვიდა.
„დაშავებული გულშემატკივარი გონზე მოვიდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მისთვის ჯერ კიდევ უნდა ვილოცოთ“, – წერს სევერინი.
ეს დრამატული მოვლენის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია“, – წერს პოლონური გამოცემა.