პოლონური გამოცემა - „ფეჰერვარი“ ზივზივაძის ტრანსფერში 400 ათასამდე ევროს მიღებას იმედოვნებს #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - „ფეჰერვარი“ ზივზივაძის ტრანსფერში 400 ათასამდე ევროს მიღებას იმედოვნებს #1TVSPORT

პოლონური გამოცემის, mkszaglebie.pl-ის მტკიცებით, ლუბინის „ზაგლებიე“ უნგრულ „ფეჰერვართან“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებას განაგრძობს და ცდილობს, რომ ქართველი თავდამსხმელი შედარებით დაბალ ფასში დაიმატოს.

„ლუბინის გუნდი „ფეჰერვარის“ თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერით არის დაინტერესებული. უნგრული კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში იმედოვნებდა, რომ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერში დაახლოებით 400 ათასამდე ევროს მიიღებდა. „ზაგლებიეს“ ხელმძღვანელებს კი 28 წლის ფეხბურთელის ფასის დაწევა სურთ. „ფეჰერვარის“ თავდამსხმელით ცოტა ხნის წინ პოლონეთის ორი კლუბი, „რადომიაკი“ და ვროცლავის „შლიონსკიც“ ინტერესდებოდნენ“, – წერს გამოცემა.

ზივზივაძის ტრანსფერი, წესით, იმ ფაქტმა უნდა გაამარტივოს, რომ „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება – ანუ უნგრელებმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ახლა უნდა გაყიდონ, სხვაგვარად ზაფხულში ზივზივაძე კლუბს უფასოდ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა, როლანდ იუჰასმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძემ კლუბი უახლოეს დღეებში დატოვოს. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელის მენეჯერის, ლაშა ოდილაძის თქმით კი, ლუბინის „ზაგლებიეს“ გარდა, ზივზივაძის დამატებით ბეერ-შევას „ჰაპოელი“ და მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუე“ არიან დაინტერესებულნი.