პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო, ოპოზიცია მის ჩატარებაზე პასუხისმგებელი მინისტრის გადადგომას ითხოვს
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო, ოპოზიცია მის ჩატარებაზე პასუხისმგებელი მინისტრის გადადგომას ითხოვს

პოლონეთში ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი მინისტრის, იაჩეკ სასინის გადადგომას მოითხოვს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს

„დღეს ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომლითაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მათ, ვინც ეს სამარცხვინო საპრეზიდენტო არჩევნები დაუშვა“, – განაცხადა საზოგადოებრივი პლატფორმის პარტიის ლიდერმა, ბორის ბუდკამ.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო გადაიდო და საფოსტო არჩევნებით ჩანაცვლდა. ამ ინიციატივას ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ მიუღია.

გასულ ოთხშაბათს მთავრობამ აღიარა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ფოსტით ჩატარების ორგანიზება დადგენილ ვადებში ვერ მოხდებოდა და ამიტომ, არჩევნები გადავადდებოდა. ორი დღის შემდეგ კი, ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ არჩევნები მხოლოდ ფოსტით იქნებოდა დაშვებული.