პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს
პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს

პოლონეთის სეიმმა რუსეთის პოლიტიკოსების მიერ ისტორიით მანიპულირებით წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებგვერდზეა განთავსებული.

დოკუმენტით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყება მაშინდელმა ორმა ტოტალიტარულმა სახელმწიფომ – ნაცისტურმა გერმანიამ და სტალინის საბჭოთა კავშირმა გამოიწვია, სამარცხვინო რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის გაფორმების შემდეგ კი ორივე ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ პოლონეთი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

„ომმა გამოიწვია ათობით მილიონი ადამიანის დაღუპვა, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული – ჰოლოკოსტი ევროპაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

სეიმი გმობს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პროვოკაციულ და სიცრუის შემცველ განცხადებებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას პოლონეთზე ცდილობენ.

„ერის დიდებისა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების სიცრუესა და ისტორიის ფალსიფიცირებაზე აგება შეუძლებელია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ნათქვამია: „პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი პატივს მიაგებს ნაცისტური და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნას და გამოხატავს სურვილს, რომ მათი წამების ისტორია არასდროს გაყალბდეს“.

პოლონეთსა და რუსეთს შორის ისტორიასთან დაკავშირებით უთანხმოების მორიგი ტალღა დეკემბერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს მოჰყვა.

დატოვე კომენტარი