პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები - მეორე ტური გარდაუვალია
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები - მეორე ტური გარდაუვალია

28 ივნისს პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პირველი ტურის შედგების პროგნოზირება იოლია. მარათონის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა და მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, ვარშავის ყოფილი მერი რაფალ ტშასკოვსკი გავლენ.

როგორც პირველ არხთან საუბარში გამოცემა „ვიშეგრად ინსაითის“ რედაქტორი ვოიჩეხ პრჟიბილსკი ამბობს, ოპოზიციონერი კანდიდატის რეიტინგი მზარდია, ამიტომ მას გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა არა პირველ ტურში.

თავდაპირველად, პოლონეთის არჩევნები 10 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა მარტის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო და მთავრობამ მკაცრი კარანტინი გამოაცხადა.

საარჩევნო კამპანიის ჩატარება ასეთ პიროებებში ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, თუ არ ჩავთვლით ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდას მოგზაურობას ქვეყნის გარეშემო, რა დროსაც სახელმწიფო მედია პრეზიდენტის კორონავირუსთან ბრძოლას დეტალურად აშუქებდა.

„დიდი ალბათობით, მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა გაიმარჯვებს. წინასწარი პროგნოზების მიხედვით, მას ელექტორატის 40 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო მის ოპონენტ რაფალ ტშასკოვკის – 30 პროცენტი. დუდას უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან მას ზურგს უმაგრებენ სახელმწიფო ტელევიზია და ადმინისტრაციული რესურსი. უნდა ითქვას ისიც, რომ მისი ამომრჩეველი ფრიად მობილიზებულია, პროგნოზის გაკეთება რთულია. რაფალ ტშასკოვსკი რეიტინგებში წინ მიიწევს“, – ამბობს პჟიბილსკი.

გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ პოლონეთში არჩევნები დათქმულ დროს, ანუ 10 მაისს ჩატარდებოდა, მაშინ მოქმედი პრეზიდენტი პირველივე ტურში შეძლებდა გამარჯვებას. თუმცა, კენჭისყრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ამომრჩევლებს ხმა ფოსტით მიეცათ.

ამას გარდა, ფოსტით ხმის მიცემის წინააღმდეგ გამოდიოდა ფოსტის პროფკავშირი. საქმე იმაშია, რომ მმართველი პარტიის წინადადებით, ყველა პოლონელ ამომრჩეველს დოკუმენტაცია ფოსტით სახლში უნდა მიეღო და შემდეგ შევსებული ბიულეტენი ჩაეგდო საფოსტო ყუთში. პროფკავშირში შიშობდნენ, რომ ამ გზით ხმის მიცემა საფრთხეს შეუქმნიდა ფოსტალიონების ჯანმრთელობას. პოლონეთის მთავრობამ პრობლემა იოლად გადაჭრა. „პოლონეთის ფოსტის“ ხელმძღვანელი შეცვალეს და მის ადგილზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაინიშნა.

თუმცა, როგორც პოლონელი ჟურნალისტი ვოიჩეხ პრჟიბილსკი ამბობს, ფოსტით ხმის მიცემის მეთოდს მოწინააღმდეგეები მმართველ პარტიაშიც გამოუჩნდნენ.

პოლონეთში არჩევნების გამართვის სხვადასხვა გზას დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ. პროცესი გაჭიანურდა. ზოგიერთი წინადადება არჩევნების 2022 წლამდე გადადებასაც კი ითვალისწინებდა. საბოლოოდ, მაისში არჩევნები არ შედგა, კენჭისყრა 28 ივნისისთვის დანიშნეს.

არჩევანს მოქალაქეები ტრადიცული გზით გააკეთებენ, თუმცა ვისაც სურვილი ექნება, ხმას ფოსტითაც მისცემს. ამისთვის, ამომრჩეველმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სპეციალური მიმართვა წინასწარ უნდა გაუგზავნოს.

„აღსანიშნავია, რომ მანამდე პოლონეთის მოქმედი მთავრობა ამ წესის წინააღმდეგ თავადაც გამოდიოდა. რამდენიმე წლის წინ ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვა დღევანდელი მმართველი პარტიის მთავარი საარჩევნო დაპირებაც კი გახლდათ. ახლა ისინი იძულებული გახდნენ, ამ მეთოდისთვის მხარი დაეჭირათ. ამის მთავარი მიზეზი პანდემიაა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მზარდია, ხმის მიცემა მხოლოდ ფოსტით იქნება შესაძლებელი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საუბარში „ვიშეგრად ინსაითის“ რედაქტორი.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ამჟამად რეიტინგების ლიდერია, მას ამომრჩეველთა 60 პროცენტი უჭერს მხარს, თუმცა, როგორც ბევრი პოლიტოლოგი ამბობს, არჩვენების თარიღის ცვლილება მის პოპულარობაზე უარყოფითად აისახა.

არჩევნები 10 მაისს რომ გამართულიყო, საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა კორონავირუსთან ბრძოლა იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეები პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ გააკეთებდნენ არჩევანს. ანჯეი დუდა ხომ პანდემიასთან ბრძოლის სიმბოლო იყო.

უკვე ივნისში კი, როდესაც პანდემიის საფრთხემ და პირველმა შოკმა გადაიარა, ამომრჩევლებისთვის უკვე სხვა საკითხები გახდა საინტერესო. მათ შორის იყო ეპიდაფეთქება სილეზიის მაღაროებში, სამედიცონო აპარატურის შესყიდვის სახელმწიფო კონტრაქტები, ეკონომიკური პრობლემები. ამან კი, თავისთავად საზოგადოების უკმაყოფილება და მთავრობის მიმართ ახალ კითხვებს გააჩინა. ეს კი დუდას ხელს არ აძლევდა.

პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე ხშირად  განვლილი ხუთი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ამახვილებდა ყურადღებას.

„ამ პერიოდში პოლონელების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა“, – განაცხადა ანჯეი დუდამ სახელმწიფო ტელევიზიაში დებატების დროს.

დუდას ამ სიტყვებს პოლონელების ნაწილი ეთანხმება. განსაკუთრებით მცირე დასახლებების მცხოვრებლები, რომელთაც საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვთ. მოქმედი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში პოლონეთში საპენსიო ასაკი შემცირდა და 13-ე პენსიაც დააწესეს. „კანონისა და სამართლიანობის“ ინიციატივით, თითოეული ოჯახი, ყოველ არასრულწლოვან ბავშვზე, დახმარების სახით 500 ზლოტს (125 დოლარი) იღებს. ეს პოლონეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაბიჯი იყო. მთავრობა ერთხმად ამტკიცებს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დუდა დამარცხდება, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიღწევა წარსულს ჩაბარდება და ქვეყანა კრიზისში აღმოჩნდება.

მეორე მხრივ პოლონეთის მთავრობას სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა აკრიტიკებენ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გამო. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიაში ცენზურა დაამკვიდრა. თუმცა, ეს საკითხები ძირითადად მაღალშემოსავლიან, დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს აწუხებთ, რომლებიც კონსერვატორ ანჯეი დუდას ხმას ისედაც არ აძლევენ.

საარჩევნო კამპანიის დროს პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც არ უვლის გვერდს. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ანჯეი დუდა პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელსაც პანდემიის პირობებში, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა. ამ ვიზიტს სახელმწიფომ დიდი დრო დაუთმო. ამომრჩევლებს შეახსენეს ისიც, რომ სწორედ დუდას პრეზიდენტობის დროს გააუქმა აშშ-მა პოლონელებისთვის სავიზო რეჟიმი.

თუმცა, როგორც პოლონელი ჟურნალისტი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, ტრამპთან შეხვედრა დუდას ამომრჩეველთა რაოდენობას არ გაზრდის.

„ეს შეხვედრა ანჯეი დუდას მხარდამჭერებს დაარწმუნებს, რომ მათ სწორი არჩევენი გააკეთეს. ტრამპთან შეხვედრა მის კამპანიას მეტ ენერგიას შესძენს. პოპულარობაც გაიზრდება, თუმცა დუდას ოპონენტებისა და იმ ამომრჩევლებისთვის, ვისაც ჯერ გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავთ, ეს შეხვედრა არაფერ ნიშნავს“, – ამბობს პჟიბილსკი.

საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთ თემად მოულოდნელად ელჯიბითი თემის პრობლემები გახდა.
ყველაფერი პოლონელი დეპუტატის გამოსვლით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ „არსებობს ელჯიბითი იდეოლოგია“. შემდეგ თავად ანჯეი დუდამ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დამცველთა მოძრაობა „ნეობოლშევიკებს“ შეადარა და თქვა, რომ „ეს კომუნიზმის იდეოლოგიაზე უარესია“.
ეს განცხადება პოლონელ კონსერვატორ და კათოლიკე ამომრჩეველს ძალიან მოეწონათ და აიტაცეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ დუდა ტრადიციული ღირებულებების ჭეშმარიტი დამცველია. მეორე მხრივ კი, დუდამ დაკარგა ცენტრისტი ელექტორატი, რომელთა ხმები მეორე ტურში შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

როგორც პოლონური მედია წერს, ელჯიბითი თემის წამოწევის გამო პრეზიდენტს და მის გუნდს აშშ-ის საელჩოში უსაყვედურეს. მოგვიანებით, საარჩევნო კამპანიიდან ეს თემა გაქრა.

დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ პოლონეთში ყველაფერი არჩევნების მეორე ტურში, 12 ივლისს გადაწყდება. სოციოლოგიური კვლევებით დუდა პირველ ტურში გაიმარჯვებს, მაგრამ მას მხარს ამომრჩეველთა 40%-ი დაუჭერს. მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ ყველაზე დიდი ოპოზიციური და ლიბერალურ პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატ, ვარშავის მერს, 48 წლის რაფალ ტშასკოვსკის. სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ მას ხმების 30 პროცენტი ერგება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად, მაისში დაგეგმილი არჩევნებზე „სამოქალაქო პლატფორმამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა პოლონეთის ქვედა პალატის – სეიმის ვიცე სპიკერი მალგოჟატა კიდავ-ბლონსკაია. მისი კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად, ოპოზიციონერი კანდიდატის რეიტინგი 3-5 პროცენტამდე დაეცა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან მხარდამჭერებს არჩევნების იგნორირებისკენ მოუწოდა.

არჩევნების ივნისში გადატანის შემდეგ ოპოზიციამ კანდიდატი შეცვალა. ეს მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე მოხერხდა.

„პოლიტიკოსები ამ ცვლილებას არ აპროტესტებდნენ, მაგრამ კანონის უზენაესობისა და პროცედურული კუთხით ეს არასწორი პროცესი იყო“, – აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი პჟიბილსკი.

საბოლოო ჯამში, ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა და საარჩევნო მარათონი უფრო დაძაბული და კონკურენტული გახდა. ახალგაზრდა ტშასკოვსკიმ შეძლო ელექტორატის მიზიდვა და ახლა მას მმართველი პარტიის კანდიდატის ერთადერთ რეალურ კონკურენტად მიიჩნევენ.

საარჩევნო კამპანიის დროს ვარშავის ექსმერი მოქმედი პრეზიდენტის შეუსრულებელ დაპირებებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროგრამა და აგრარული სექტორის სახელმწიფო დახმარება.

ქვეყნის გარშემო მოგზაურობის დროს ტშასკოვსკი ამომრჩევლებს უმტკიცებს, რომ პოლონეთის მთავრობის ანგარიშებში აღწერილ წარმატებებს რეალურად ადგილზე დიდი არაფერი შეუცვლია.

ტშავსკოვსის სუსტი მხარე მისი ლიბერალიზმია. ცხადია, რომ ახალგაზრდა და პროგრესულად მოაზროვნე ოპოზიციონერი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში დუდას კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა, ტშასკოვსკის განცხადება, რომ ის სიხარულით დაარეგისტრირებდა პირველ გეიქორწინებას პოლონეთში, საშუალო სტატისტიკური პოლონელი ამომრჩევლისთვის ზედმეტად თამამია.

ოპოზიციონერის კიდევ ერთი სისუსტე ის არის, რომ ტშასკოვსკი ვარშაველია, ხოლო პოლონელების უმეტესობისთვის ვარშავა „ხალხისგან მოწყვეტილი“ მთავრობის სიმბოლოა.

„დღეს ჩვენ ყველას ერთნაირი პრობლემები გვაწუხებს“, – აცხადებს ტშასკოვსკი ამ ბრალდებაზე საპასუხოდ.

„მოქალაქეები მსჯელობენ ჯანდაცვაზე, სამუშაო ადგილებზე, მთავრობის არარაციონალურ ნაბიჯებზე. არ აქვს მნიშვნელობა სად იბრძვი სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად ვარშავაში, თუ სოფელში“, – ამბობს ოპოზიციონერი.

თუმცა, რაფალ ტშასკოვსკისა და ანჯეი დუდას საერთო პრობლემა ისაა, რომ ორივე წარმოადგენს „ძველ“ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებაში ერთმანეთს ბოლო 15 წელია, ენაცვლება.

პოლიტოლოგების მოსაზრებით, „კანონისა და სამართლიანობის“ და „სამოქალაქო პლატფორმის“ წარმომადგენელთა კიდევ ერთი მწვავე დაპირისპირება, პოლონეთში დამკვიდრებულ ორპარტიულ სისტემას საბოლოოდ დააფიქსირებს და საზოგადოების პოლარიზაციას გააღრმავებს.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების პროგნოზირება დღეს შეუძლებელია. გადამწყვეტი იქნება მესამე ადგილზე გასული კანდიდატის ამომრჩეველთა ხმები. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ეს იქნება პოლონელი ტელეწამყვანი შიმონ გოლოვნია. მაისის დასაწყისში პოლონური პრესა მას საარჩევნო მარათონის აღმოჩენად აღიარებდა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისაც კი ადარებდა.

ერთი მხრივ, გოლოვნის ანტისისტემური შეხედულებები ოპოზიციონერ ტშასკოვსკის მოსაზრებებთან უფრო ახლოსაა, თუმცა, მეორე მხრივ, რამდენიმე დღის წინ გოლოვნიმ თქვა, რომ პარტია „კანონსა და სამართლიანობას“ და „სამოქალაქო პლატფორმას“ შორის არჩევანი იგივეა, რაც არჩევანი სახლში ხანძარსა და ხელის მოტეხილობას შორის. ამგვარად, მან ფაქტობრივად მიანიშნა, რომ თავის ამომრჩევლებს ამ პარტიების კანდიდატებისთვის ხმის მიცემისკენ არ მოუწოდებს.

პოლონელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კიდევ ორი კანდიდატის, მემარცხენე პარტია „გაზაფხულის“ ლიდერის, გეი რობერტ ბედრონისა და „გლეხების პარტიის“ წარმომადგენელ ვლადისლავ კოსინაკ-კამიშის ამომრჩევლები, მეორე ტურში ხმას ოპოზიციონერ ტშასკოვსკის მისცემენ. ამიტომ შესაძლოა, პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

„თუ ანჯეი დუდა მეტოქეს დიდ უპირატესობით არ გაუსწრებს და ტშასკოვსკის ამომრჩევლების 30%-ზე მეტი მისცემს ხმას, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე ტურში ოპოზიციონერს გამარჯვების უფრო დიდი შანსიც კი ექნება“, – ამბობს „ვიშეგრად ინსაითის“ რედაქტორი ვოიჩეხ პჟიბილსკი.

პოლონელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, პოლონეთის მთავრობაში ცვლილებები გარდაუვალია.

„მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ძალიან კარგად დაინახა, ვის შეუძლია მისი ღალატი და არ დაუშვებს, რომ ეს ხალხი მის გუნდში დარჩეს. ასე რომ, არჩევნების შემდეგ ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში საკადრო გადაადგილებებს ან შეიძლება ჩატარდეს ვადამდელ არჩევნები“, – აცხადებს პჟიბილსკი.

პუბლიკაციის მომზადებისას გამოყენებულია „ბიბისის“ მასალები.

დატოვე კომენტარი