პოლონეთის საგარეო უწყება - ველოდებით, რომ რუსული მხარე სრულად შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენით ნაკისრ ვალდებულებებს
პოლონეთის საგარეო უწყება - ველოდებით, რომ რუსული მხარე სრულად შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენით ნაკისრ ვალდებულებებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ აგვისტოს ომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ქართული თარგმანი „ფეისბუქში“ საქართველოში პოლონეთის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან წინააღმდეგობაში მყოფ ადმინისტრაციულ პრაქტიკას მიმართავდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი კონვენციის არაერთ დარღვევაშია პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და ე.წ. ბუფერულ ზონაში, სადაც მან დაამყარა ე.წ. ეფექტური კონტროლი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებიდან, რუსული ჯარების უკან დახევამდე (2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე). ეს დარღვევები მოიცავდა: ქმედებებს სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ, რაც წამებად უნდა ჩაითვალოს; ქართველი სამოქალაქო პირების უკანონო დაპატიმრებებსა და მათი შინ დაბრუნების შესაძლებლობათა აღკვეთას; საბრძოლო მოქმედებებისას მიმდინარე და შემდგომში განვითარებული მოვლენების არაობიექტურ გამოძიებას.

სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და კონვენციის დებულებების შესაბამისადაა აღსასრულებელი. ჩვენ ველით, რომ რუსული მხარე სრულად შეასრულებს განაჩენით ნაკისრ ვალდებულებებს და განსაზღვრულ ვადაში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს დაუყონებლივ მიაწოდებს ინფორმაციას გატარებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, პროცედურის შესაბამისად.

ამავე დროს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ პოლონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.