პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავას საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანჯეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.

ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი“ და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები: ქეთევან თათოშვილი და კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.