პოლონეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობის ფორმირება დაავალა
პოლონეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობის ფორმირება დაავალა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის მთავრობის ფორმირება დაავალა.

„გადავწყვიტე, რომ მთავრობის ფორმირების მისია პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის დავავალო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

სიტყვით გამოსვლისას დუდამ ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნებში რეკორდულ აქტივობას, რაც, მისი თქმით, პოლონეთის დემოკრატიის კარგი მდგომარეობის დასტურია.

დუდამ აღნიშნა, რომ 13 ნოემბერს ახალი პარლამენტი პირველად შეიკრიბება, დეპუტატები და სენატორები კი ფიცს დადებენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა კომიტეტმა ვერ მოიპოვა დამოუკიდებელი უმრავლესობა. მისივე თქმით, ეროვნული საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ მან კონსულტაციები გამართა ყველა იმ კომიტეტთან, რომელსაც თავისი წარმომადგენლები ეყოლება პარლამენტში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ზუსტად არეგულირებს მთავრობის შექმნის შემდგომ ნაბიჯებს.

„თუ „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლის მისია ჩაიშლება, შემდეგ ეტაპზე სეიმი შეარჩევს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მე მას დაუყოვნებლივ დავნიშნავ ამ თანამდებობაზე. ყველა კონსტიტუციური წესი და ვადა დაცული იქნება“, – აღნიშნა დუდამ.