პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის აღდგენის გეგმის შემუშავების საკითხის დაყენებას ე.წ. მარშალის გეგმის ანალოგიით აპირებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე იგი უკრაინის აღდგენის გეგმის შემუშავების საკითხის დაყენებას ე.წ. მარშალის გეგმის ანალოგიით აპირებს. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
„ბრიუსელში ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე მე უკრაინის აღდგენის დიდ საერთო ევროპულ გეგმას დავაყენებ. დღეს უკრაინაში სუფევს შიში, მაგრამ ასევე მისი მებრძოლი ჯარისკაცების გამბედაობა, ხალხისა და საზოგადოების იმედი, რომ ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფო აღდგება. ეს იმედი რეალური ფუნდამენტით უნდა იყოს გამყარებული და ამის რეალური საფუძველი არის უკრაინისთვის „მარშალის გეგმა 2“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
მისი თქმით, პირველ რიგში ამ გეგმას უნდა შეუერთდნენ უმდიდრესი ქვეყნები, რადგან სწორედ მათ „ჩაიძინეს იმ მომენტში“, როდესაც რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელი იყო.
მორავეცკის ინიციატივას მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
„მარშალის გეგმა 2“ – ეს არის მორალური პასუხისმგებლობა მათთვის, ვისაც არ სურს გვერდში დგომა, როდესაც რუსული რაკეტები ჩვენს ქალაქებს ხვდება. მორავეცკი მის ინიციატივაში, დაეხმაროს უკრაინას, უნაკლოა. პოლონეთი გულწრფელი მეგობარია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.