პოლონეთის პრემიერ​ი კრემლის წინააღმდეგ სანქციების „გამანადგურებელი პაკეტის“ დაწესებას ითხოვს
პოლონეთის პრემიერ​ი კრემლის წინააღმდეგ სანქციების „გამანადგურებელი პაკეტის“ დაწესებას ითხოვს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კრემლის წინააღმდეგ სანქციების „გამანადგურებელი პაკეტის“ დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ მორავეცკიმ ვარშავაში, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვის ფაშისტური რეჟიმის მსგავს სასტიკ რეჟიმთან არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს.

„სანქციების გამკაცრება, სანქციების გამანადგურებელი პაკეტის დაწესება საბოლოოდ აიძულებს კრემლს, შეიცვალოს პოზიცია. ჩვენ ვუყურებთ ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის. ამასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია არ უნდა იყოს. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვები აქვს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს ისეთ სასტიკ რეჟიმთან, როგორიცაა ფაშისტური რეჟიმი მოსკოვში. ეს რეჟიმი უნდა გახდეს იძულებული, რუსების მიერ პროვოცირებული ომი შეაჩეროს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

თავის მხრივ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგიის მთავრობა მზად არის რუსეთის წინააღმდეგ მეექვსე და საჭიროების შემთხვევაში, მეშვიდე პაკეტის დასაწესებლადაც.

„ომის არჩევის გამო, რუსეთისთვის საფასური უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი. პოლონეთი ასევე იყო სანქციების აქტიური მომხრე, ისეთი სანქციების, რომლებიც იკბინება. ევროკავშირმა უკვე დააწესა სანქციების ხუთი პაკეტი. ბელგიის მთავრობამ ამ დროისთვის უკვე დაბლოკა 200 მილიარდის ოდენობის ფინანსური აქტივები და ტრანზაქციები ბელგიაში არსებული ფინანსური ინსტიტუტებიდან. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი. სავარაუდოდ მეექვსე პაკეტი იქნება საჭირო და შესაძლოა, მეშვიდე პაკეტიც“, – განაცხადა ალექსანდრ დე კროომ ვარშავაში ვიზიტისას.