პოლონეთის მმართველმა პარტიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელსაც კრიტიკოსები სქესობრივი განათლების აკრძალვად მიიჩნევენ
პოლონეთის მმართველმა პარტიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელსაც კრიტიკოსები სქესობრივი განათლების აკრძალვად მიიჩნევენ

პოლონეთში სექსუალური განათლების მასწავლებლებს შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროთ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ დეპუტატები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც მცირეწლოვანთა სექსუალური აქტივობის წახალისების კრიმინალიზებას ითვალისწინებს.

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ახალი ინიციატივის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ ლოზუნგით – „არა სქესობრივი განათლების აკრძალვას“. ისინი შიშობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სექსუალური განათლების პედაგოგებს ხუთწლიანი პატიმრობა დაემუქრებათ.

„როიტერის“ ცნობით, პოლონეთის სასკოლო განათლების სისტემა მოსწავლეებს ოფიციალურად სქესობრივ განათლებას არ სთავაზობს, ამის ნაცვლად მოსწავლეებს ასწავლიან, „როგორ მოემზადონ ოჯახური ცხოვრებისთვის“. თუმცა, ზოგიერთ ქალაქში, სადაც ხელისუფლებაში ლიბერალური პარტიები არიან, სკოლებში დაშვებულია სქესობრივი განათლების პროგრამები, რაც მმართველი პარტიისა და კათოლიკური ეკლესიის მხრიდან კრიტიკას იწვევს.

მმართველი პარტიის ინიციატივას აპროტესტებს ოპოზიციური პარტია „ახლა“.

„ეს არის ჟესტი ულტრაკათოლიკეებისა და ეკლესიის მიმართ. მათ არ ესმით, რა არის სქესობრივი განათლება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარტიის წევრმა, დეპუტატმა იოანა შოირინგ-ვილგუსმა.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის „კანონი და სამარლიანობის“ დეპუტატი მარჩინ ოჩიეპა არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს განცხადებებს, თითქოს კანონპროექტი სქესობრივი განათლების პედაგოგებს პატიმრობას ითვალისწინებს.

„კანონპროექტში მხოლოდ ნათქვამია, რომ დაუშვებელია 15 წელზე ნაკლები ასაკის პირის სექსუალური ცხოვრებისკენ ან სხვა სექსუალური ქმედებისკენ წახალისება“, – აღნიშნავს ოჩიეპა.