პოლონეთის ელჩი - ვმუშაობთ, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს
პოლონეთის ელჩი - ვმუშაობთ, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს

ვმუშაობთ, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც აღინიშნა, რომ პოლონეთის საელჩო ნატო-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო დიპლომატიური უწყება ხდება.

„გვინდა, საქართველოს დახმარება გავუწიოთ, რათა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის ჩართულობას ნატო-ს საქმიანობაში მსოფლიო მასშტაბით – იქნება ეს ავღანეთი თუ ერაყი. ჩვენი მხრივ, ვაზიარებთ სამხედრო გამოცდილებასაც, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტითაა გაწერილი. ვმუშაობთ იმისათვის, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს. რაც შეეხება ჩვენი საელჩოს ახალ სტატუსსა და საქმიანობას, არ ვაპირებთ შევეჯიბროთ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს, საკონტაქტო საელჩო მეტწილად გულისხმობს სახალხო დიპლომატიაზე გათვლილ ღონისძიებებს. მიზანი კი ის არის, რომ ნატო-ს პოპულარიზება გავუწიოთ, განვიხილოთ სტრატეგიები და ვიკონტაქტოთ არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან“, – აღნიშნა საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.

ახალი სტატუსიდან გამომდინარე, პოლონეთის საელჩოს აქტიური კომუნიკაცია ექნება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობასთან საქართველოში.

„პოლონეთის საელჩო ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს რანგში მომდევნო ორწლიან საქმიანობას, პრაქტიკულად, დღეს იწყებს. საელჩო სახალხო დიპლომატიის ფარგლებში იმუშავებს, რათა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყოს ხელი. დეკემბრამდე ამ როლს ბულგარეთის საელჩო ასრულებდა. მიუხედავად განსხვავებული მიმართულებებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეკავშირეო ოფისი ითანამშრომლებს პოლონეთის საელჩოსთან ამ ახალ კონტექსტშიც“, – აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როსარია პუგლისმა.

ღონისძიებაზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ორდენით დააჯილდოვეს.

საქართველოში პოლონეთის საელჩო ნატო-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო დიპლომატიური უწყება ხდება. ახალი სტატუსით იგი ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებზე იმუშავებს და სახალხო დიპლომატიის სეგმენტი ჩაბარდება, რაც საზოგადოებაში ნატო-ს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ალიანსის საქმიანობის პოპულარიზებას გულისხმობს.