„პოლიტიკო“ - პენტაგონში მიაჩნიათ, რომ უკრაინელები უახლოეს ხანში ვერ შეძლებენ ყირიმის დაბრუნებას
„პოლიტიკო“ - პენტაგონში მიაჩნიათ, რომ უკრაინელები უახლოეს ხანში ვერ შეძლებენ ყირიმის დაბრუნებას

პენტაგონში მიაჩნიათ, რომ უკრაინელები უახლოეს ხანში ვერ შეძლებენ ყირიმის დაბრუნებას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგნელებმა აშშ-ის კონგრესმენებს დახურულ სხდომაზე უთხრეს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უცნობია, თუ რას ეყრდნობოდა აშშ-ის სამხედრო უწყების შეფასება. როგორც სამმა ანონიმურმა წყარომ ჟურნალისტებს დაუდასტურა, პენტაგონის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს უთხრეს, რომ, მათი რწმენით, უკრაინაში არ გააჩნიათ და არც უახლოეს ხანში ექნებათ შესაძლებლობა, აიძულონ რუს სამხედროებს ოკუპურებული ყირიმის ნახევარკუნძულის დატოვება.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კონგრესში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ლორა კუპერი და გაერთიანებული შტაბების ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი დუგლას სიმსი.

დახურულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ თავდაცვის დეპარტამენტში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამავე საკითხზე მანამდე კომენატრი გააკეთა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტატების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ. გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მარკ მილიმ თქვა, რომ „წელს უკრაინელებისთვის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსების სამხედრო გზით გაძევება ძალიან რთული იქნება“.

„პოლიტიკო“ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ მილის ამ განცხადებამ პრეზიდენტ ზელენსკის „განრისხება“ გამოიწვია.

„პოლიტიკოს“ სტატიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკ როჯერსმა ინტერვიუში თქვა, რომ „ომი უნდა დასრულდეს ზაფხულში“. ამასთან, როჯერსი მიიჩნევს, რომ „რუსეთი არასდროს დათმობს ყირიმს“.

„რისი გაკეთებაა შესაძლებელი? მე არ ვფიქრობ, რომ ამაზე შეთანხმება არსებობს. ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტზე უნდა იყოს გარკვეული ზეწოლა ჩვენი მთავრობისა და ნატო-ს ლიდერების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყურება გამარჯვება და ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება, ზელენსკისა და პუტინს ვუბიძგოთ, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდენენ და ეს ყველაფერი ზაფხულში დამთავრდეს“, – განაცხადა როჯერსმა.