„პოლიტიკო“ - „კატარგეიტის“ საქმეზე ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის დაკავების ორდერი გასცა
„პოლიტიკო“ - „კატარგეიტის“ საქმეზე ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის დაკავების ორდერი გასცა

„კატარგეიტის“ საქმესთან დაკავშირებით ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ავრამოპულოსს ბრალად ედება კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობა. გამოძიება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ შემოსავლებზე, რომლებიც მან სკანდალის ცენტრში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღო.

მეორე წყაროს ცნობით, ბელგიის ხელისუფლებამ ავრამოპულოსი თითქმის ერთი წლის წინ დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის არ გამოცხადდა.

„კატარგეიტის“ საქმეზე ბრალდებულ ევროპარლამენტის ყოფილ წევრებს ბრალი ედებათ კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში.

ავრამოპულოსმა კიდევ ერთხელ უარყო ყველა ბრალდება.

„ამ საქმეს ჩემთან არასოდეს ჰქონია კავშირი. საკითხი, რომლის დაკავშირებასაც ჩემს სახელთან ცდილობდნენ, სამი წლის წინ დასრულდა სრული ინსტიტუციური გამჭვირვალობით და ევროკომისიის ოფიციალური თანხმობით, შესაბამის გადაწყვეტილებას კი კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერა ხელი“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.

მისი თქმით, ბელგიის ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, ხელახლა გახსნას ეს საკითხი და მისი სახელი Fight Impunity-ს საქმიანობას დაუკავშიროს, დაუსაბუთებელი, მიუღებელი და საეჭვოა.

დაკავების ორდერის აღსასრულებლად საჭირო იქნება საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილება ავრამოპულოსისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.

თავად ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ იმუნიტეტით სარგებლობას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმე სრულიად უსაფუძვლოა, ცალსახად ვაცხადებ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტს არ გამოვიყენებ. პირიქით, თავად მივმართავ საბერძნეთის მართლმსაჯულებას, რათა საკითხი სრულად გამოიძიონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნა ავრამოპულოსმა.

ავრამოპულოსი 2014-2019 წლებში ევროკომისარი იყო მიგრაციის საკითხებში და ამჟამად საბერძნეთის პარლამენტის წევრია. ის საბჭოს წევრად ირიცხებოდა ორგანიზაცია Fight Impunity-ში, რომელიც პანცერის მიერ იყო დაფუძნებული. სკანდალის გახმაურებისთანავე მან ორგანიზაცია დატოვა.

თანამდებობიდან წასვლისას ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში მისი როლი მხოლოდ საპატიო ხასიათის იყო და მას არასოდეს ჰქონია აღმასრულებელი ან მმართველობითი უფლებამოსილება. მისი თქმით, 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში ორგანიზაციისგან 73 000 ევრო მიიღო.