„პოლიტიკო“ - ჯეფრი ეპშტეინს სურდა, ლავროვისთვის ტრამპის შესახებ ინფორმაცია გაეზიარებინა და დახმარებას ევროსაბჭოს თავმჯდომარეს სთხოვდა
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი, რომელსაც არასრუწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვის იძულებაში ედება ბრალი, 2018 წლით დათარიღებულ წერილში ევროსაბჭოს თავმჯდომარეს, ტორბიორნ იაგლანდს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ორგანიზებას სთხოვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონლად ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ჰელსინკის სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა გამართულიყო, ეპშტეინს სურდა, გაეზიარებინა ლავროვისთვის ტრამპის შესახებ ინფორმაცია.
როგორც გამოცემა წერს, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟურნალისტები, რომლებიც გაეცნენ აშშ-ის კონგრესში დემოკრატების მიერ გასაჯაროებულ ელექტრონულ წერილებს. ამ მიმოწერაში იაგლანდი პასუხობს, რომ უახლოეს დღეებში აქვს დაგეგმილი შეხვედრა ლავროვის თანაშემწესთან, რომელსაც ეპშტეინთან შეხვედრის გამართვას შესთავაზებს. შედგა თუ არა ეს შეხვედრა, უცნობი რჩება.
ერთ-ერთ წერილში ამერიკელი ფინანსისტი ასევე მიანიშნიებს, რომ ის უკვე შეხვდა გაერო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს, ვიტალი ჩურკინს და ესაუბრა ტრამპზე.
„ჩურკინი შესანიშნავი იყო. ჩვენი საუბრების შემდეგ მისთვის გასაგები გახდა ტრამპი. ეს არ არის რთული. საჭიროა ის დაინახო, რომ მიხვდე, რა ადვილია ეს“, – ციტირებს „პოლიტიკო“ ჯეფრი ეპშტეინის წერილს.
ამას გარდა, მიმოწერაში ეპშტეინი განიხილავს ტრამპისა და პუტინის 2018 წლის შეხვედრის შედეგებს და ამ სამიტს აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჩავარდნასა და პუტინის წინაშე „კაპიტულაციას“ უწოდებს.
ცნობისთვის, როგორც 12 ნოემბერს დემოკრატი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილებში არის ნათქვამი, დონალდ ტრამპმა იცოდა, რომ ჯეფრი ეპშტეინი სუტენიორობით იყო დაკავებული და, მათ შორის, იყენებდა არასრუწლოვნებს.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დემოკრატების მიერ გამოქვეყნებული წერილები ადასტურებს, რომ „ტრამპს არაფერი არასწორი არ გაუკეთებია“.