„პოლიტიკო“ – ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შეამცირონ, რათა გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ფასების ზრდა შეაკავონ

01:28, 28.09.2026

ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შეამცირონ, რათა გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ფასების ზრდა შეაკავონ, – ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„მსოფლიოში მიწოდების შეზღუდული მოცულობისა და ფასების მაღალი მერყეობის პირობებში, მოთხოვნის შემცირება შესაძლოა, ფასების ზრდის შეკავების ეფექტიანი ინსტრუმენტი იყოს“, – წერს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი დან იორგენსენი ევროკავშირის მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა. დოკუმენტი 25 სექტემბრით არის დათარიღებული.

წერილში იორგენსენი მინისტრებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლად „იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რთულია, „ამჟამად მიწოდების უსაფრთხოებისთვის უშუალო რისკები არ არსებობს“.

როგორც მედია აღნიშნავს, ევროპაში გაზის საცავებში მარაგების დონე ამჟამად ისტორიულ მინიმუმზეა, რადგან ირანში მიმდინარე ომი გაზის გლობალურ მიწოდებას აფერხებს, რის გამოც შესაძლოა, ევროპა ძვირადღირებული ზამთრის წინაშე აღმოჩნდეს. ამჟამად გაზსაცავების შევსების დონე მათი საერთო მოცულობის 68 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 71 პროცენტს – უშუალოდ იმ ისტორიული ენერგეტიკული კრიზისის დაწყებამდე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიამ და უკრაინაში ომის დაწყებამ გამოიწვია.

ევროკავშირის საბაზისო მიზანია, გაზსაცავები ნოემბრის დასაწყისისთვის 90 პროცენტით იყოს შევსებული, თუმცა მარტში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათი იქნა დაშვებული, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, წელს 80-პროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევა დაისახონ მიზნად, რათა პანიკური შესყიდვები თავიდან აიცილონ და ხარჯები შეამცირონ.

იორგენსენის წერილში აღნიშნულია, რომ ფასების რეგულირებისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს „მიზანმიმართული“ და „დროებითი“, რათა მოთხოვნის მკვეთრი ზრდა თავიდან იქნას აცილებული.

მსგავსი