„პოლიტიკო“ – ევროკომისიამ „სამართლიანი თამაშისა და გამჭვირვალე კონკურენციის“ პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე მიუთითა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია გაუქმდა

23:17, 06.07.2026

ევროკომისიამ სპორტში „სამართლიანი თამაშისა და გამჭვირვალე კონკურენციის“ პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე მიუთითა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაცია გაუქმდა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ფიფა-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რის შემდეგაც ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია გაუქმდა.

ბალოგუნმა წითელი ბარათი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში მიიღო.

ევროკომისიის პრესსპიკერმა, ევა ჰრნჩიროვამ ბალოგუნის საქმეზე უშუალო კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ სპორტულ ფედერაციებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ.

„ჩვენ პატივს ვცემთ სპორტის ავტონომიას და სპორტული ფედერაციების უფლებას, თავად განსაზღვრონ კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მონაწილეები ასპარეზობენ“, – განაცხადა ჰრნჩიროვამ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს.

მომხდარს მკაცრად გამოეხმაურა სპორტის საკითხებში ევროკომისარი გლენ მიკალეფი. მისი შეფასებით, სპორტულ წესებში პოლიტიკოსების ჩარევა საფრთხეს უქმნის მმართველი ორგანოების დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის სპორტის ავტონომიას. მიკალეფის განცხადებით, ფიფა-მ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გაემახვილებინა სპორტის პოლიტიკური მიზნებისთვის იარაღად გამოყენების პრობლემაზე.

თავად ფიფა-მ კონკრეტული საუბრების დადასტურებაზე უარი თქვა, თუმცა გამოცემასთან განმარტა, რომ დისკვალიფიკაციის შეჩერების გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა დაადასტურა სატელეფონო საუბრის ფაქტი და აღნიშნა: „მე ვარ ის, ვინც მათ ამის გაკეთება აიძულა“.

მსგავსი